შალვა შავგულიძე პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს
დღევანდელი შეხვედრა მეტად ნაყოფიერი იყო, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პრეზიდენტ მარგველაშვილთან გამართულi შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე კანდიდატებს ჰქონდათ გარკვეული დრო, რომ ჩამოეყალიბებინათ აზრი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე.
“დღევანდელი შეხვედრა მეტად ნაყოფიერი, მეტად სასარგებლო იყო, პირველ რიგში, ალბათ, თავად პრეზიდენტისთვის, ვინაიდან მან მოუსმინა ყველა კანდიდატს. გვქონდა გარკვეული დრო იმისთვის, რომ ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი აზრი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, უშუალოდ იმის შესახებ, რაში ვხედავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციას და რესურსს. ეს დაეხმარება პრეზიდენტს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა შავგულიძემ.
რაც შეეხება იმას, პრეზიდენტის მიერ მისი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში რამდენად აქვს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი, შავგულიძე ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს.
“ნაკლებად მაქვს ამის იმედი. ვფიქრობ, იქ მაინც პოლიტიკური კონიუნქტურა იმძლავრებს. შეიძლება ცალკეულმა დეპუტატმა მხარი დამიჭიროს, მაგრამ ერთიანად უმრავლესობა, ალბათ – არა, თუმცა ეს შემდეგი ეტაპია, ჯერ პირველი ეტაპია გასავლელი, რასაც პრეზიდენტის მიერ კანდიდატის წარდგენა ჰქვია”, – აღნიშნა დეპუტატმა.