თბილისის საკრებულოში ჟურნალ ,,ცისკარი 1852″-ის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში ჟურნალ ,,ცისკარი 1852″-ის პრეზენტაცია გაიმართა. საკრებულოს ინფორმაციით, განახლებული ჟურნალი დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს სრული მხარდაჭერითა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოიცა.
საკრებულოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის აღდგენა-განახლება მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მინდა ჟურნალ ,,ცისკრის” დაბრუნება მთელს საქართველოს მივულოცო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ჩვენი დედაქალაქის, ისე მთელი საქართველოს ცხოვრებაში. ჟურნალი „ცისკარი” არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალი. ეს არის ჩვენი ერის სულიერების წყარო, რომელიც ქალაქს ჰაერივით სჭირდება. ჟურნალი 1852 წლიდან გამოდის და მთელი სამი საუკუნე გამოიარა. ჩვენმა წინაპრებმა, გიორგი ერისთავმა და ივანე კერესელიძემ მასში სამშობლოს სიყვერულით ნაკარნახები პროგრესის სული და ემოცია ჩადეს. მათ ჩანაფიქრს სწორედაც რომ საგანმანათლებლო მისია უნდა შეესრულებინა, გამოეღვიძებინა ის ეროვნული ენერგია და ცნობიერება, რომელიც, სამწუხაროდ, იმ პერიოდში მიძინებული იყო. რა თქმა უნდა, ამ მისიას ,,ცისკარი” კვლავაც გააგრძელებს და წარსულსა და მომავალს თანამედროვე 21-ე საუკუნის გამოწვევების გათვალისწინებით საკუთარ თავში შეაჯერებს”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
როგორც ჟურნალის რედაქტორმა ამირან გომართელმა აღნიშნა, „ცისკარ 1852″-ს თავისი დანიშნულება და მიზანი არ შეუცვლია და საზოგადოებაში განათლების დონის ამაღლებასა და ქართული მწერლობის პოპულარიზაციაზე კვლავაც იზრუნებს.
ჟურნალი „ცისკარი 1852″ გიორგი ერისთავმა დააარსა და პირველი ნომერი 1852 წელს გამოიცა. 1857 წელს კი ჟურნალი ივანე კერესელიძემ განაახლა. პირველად სწორედ ამ ჟურნალში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ნაწარმოებები. განახლებულ ჟურნალში ,,ცისკარი 1852″ დაიბეჭდება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მწერლების ნაწარმოებები. ამასთან, დიდი ადგილი პროზას, პოეზიას, მხატვრობას, თარგმნილ ლიტერატურასა და მწერლობის სხვადასხვა სფეროებს დაეთმობა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ჟურნალში დასაქმებულნი არიან აფხაზი და ოსი მწერლები. დაგეგმილია მოთხრობების შერჩევა, რომლებიც ოსურ, აფხაზურ და ქართულ ენებზე ითარგმნება. ,,ცისკარი 1852″ დიდ როლს შეასრულებს ახალგაზრდა პოეტების, მწერლებისა და მხატვრების გამოვლენაში და პოპულარიზაციაში.
პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს დეპუტატები, დედაქალაქის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები, ჟურნალ “ცისკარი 1852”-ის რედაქტორი ამირან გომართელი, ასევე ლიტერატორები, პოეტები და მწერლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები