არჩილ თალაკვაძე: “მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის” გამოქვეყნებული კვლევა საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა “მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ათეულში დასახელდა.
თალაკვაძე მიიჩნევს, რომ კვლევა საქართველოში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.
“საერთაშორისო ორგანიზაციამ “მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა უსაფრთხოების გლობალური ინდექსის კვლევა, სადაც უსაფრთხოების კუთხით დასახელებულია ქვეყნების პირველი ათეული.
საქართველოს ამ რეიტინგში მეექვსე ადგილი უჭირავს, იმ ქვეყნების გვერდით, როგორიცაა – ნორვეგია, ავსტრია, დანია, სინგაპური. კვლევაში აღნიშნულია რამდენიმე ფაქტორი, თუ რატომ დაიმსახურა საქართველომ ეს ადგილი. კერძოდ, ეს არის ადამიანების უსაფრთხო გადაადგილება ქალაქებში, ეს არის ტურიზმისა და ტურისტების უსაფრთხოება. ასევე ხაზგასმით ნათქვამია, რომ საქართველო უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სასურველი ქვეყანაა. ბუნებრივია, ანგარიშს კითხულობს მილიონობით ადამიანი მსოფლიოში და ეს ქვეყანაში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა თალაკვაძემ, რომლის კომენტარიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.