მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი განცხადებით, კიევმა უნდა გააგრძელოს მუშაობა ვაშინგტონთან თავდაცვითი შეიარაღების მისაღებად.
„როგორც კი ობამამ და ამერიკელებმა თქვეს, რომ მზად არიან, უკრაინას იარაღი მიაწოდონ, პუტინს მაშინვე გაახსენდა ავღანეთის ომი. ახსენდება დაბალი ფასები ნავთობზე და ამერიკული რაკეტები, რომლებმაც რეალურად შეცვალა ავღანეთის ომის ლოგიკა. შედეგად, საბჭოთა კავშირი, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო იყო, ვიდრე ახლა რუსეთია, ამ ომში დამარცხდა. ახლა პუტინს „დეჟა ვიუ” ჰქონდა. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ რუსულ ტანკებს ამერიკული რაკეტებით ანადგურებენ. რუსეთისთვის ეს ფსიქოლოგიური კატასტროფაა. ამიტომაც პუტინი წავიდა მოლაპარაკებაზე იმ იმედით, რომ მოახერხებდა დასავლეთის გასულელებას. სამიტის შემდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რას იტყოდა ვაშინგტონი და იქ განაცხადეს, რომ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის შეიარაღებაზეო. ჩვენ – ყველამ ერთად ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ყველასთვის გასაგებია, რომ პუტინი არ გაჩერდება. მაგრამ პუტინმაც იცის უკვე, როდესაც შემდეგ შეტევაზე წავა, ეს უკვე აღარ იქნება რუსეთ-უკრაინის ომი. ეს იქნება მისი ომი მთელ დასავლეთთან და აქ ის ვეღარ გაიმარჯვებს. ჩვენ ზავის ყოველი დღე უნდა გამოვიყენოთ და მოვიგოთ მშვიდობა. დღე და ღამე არ უნდა დავიძინოთ და გავაძლიეროთ ქვეყნის არმია და ეკონომიკა, რაშიც დაგეგმილი რეფორმები დაგვეხმარება”, – განაცხადა სააკაშვილმა.
საბჭოს ჩამოყალიბებისა და მის თავმჯდომარედ საქართველოს ექსპრეზიდენტის დანიშვნის შესახებ ბრძანებას პეტრო პოროშენკომ ხელი გუშინ მოაწერა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები