ღვინის ქარხანასთან 9 წლის განმავლობაში დაყადაღებული ენოთეკის გადარჩენის მოთხოვნით აქცია გაიმართა

აქცია, მელიქიშვილის გამზირისა და პეტრიაშვილის ქუჩის კვეთაზე მდებარე ღვინის ქარხანა #1-ში არსებული ენოთეკისთვის ყადაღის მოხსნის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი ქალაქის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ორგანიზაციის თანადამფუძნებლის ვაჟა კაკუშაძის განცხადებით, ობიექტი ისტორიული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც წარმოებისთვის ღვინო ბოთლში 1897 წელს პირველად ჩამოისხა.
მისი თქმით, ენოთეკაში, რომელსაც 9 წელია, ყადაღა ადევს, 40 000-მდე სამუზეუმო ექსპონატი – ბოთლია, რომლებსაც ცუდი პირობების გამო განადგურება ემუქრება.
“ვაპროტესტებთ უპატრონობას და იმას, რომ 40 000 ბოთლი, რომელიც 2006 წლიდან არის დაყადაღებული, ფუჭდება. ფაქტობრივად, ნადგურდება სამუზეუმო ექსპონატი. როგორც გადმოცემით ცნობილია, ექსპონატებში სასმელები არის ნაპოლეონის, სტალინის ყირიმის ენოთეკიდან და 2006 წლის შემდეგ, არავის აძლევენ იმის საშუალებას, რომ ამ ენოთეკას მიხედონ. ჩვენი თხოვნა და პროტესტის აზრი ის არის, რომ ამ პრობლემას ყურადღება მიაქციონ, რათა არ განადგურდეს ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი”,-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი ქალაქის” დამფუძნებელმა ვაჟა კაკუშაძემ.
თავის მხრივ, ღვინის ქარხანა #1-ის ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა განაცხადა, რომ კომპანიის ამოცანაა, ობიექტზე ყადაღა მოიხსნას, თუმცა ის ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის და კომპანია მიზნის მისაღწევად ძალას არ იშურებს.
მისივე თქმით, ობიექტმა რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი, ამ ეტაპზე, კი მასში ერთმა საინვესტიციო ჯგუფმა ინვესტიციები ჩადო, შედეგად კი ობიექტი ერთი სუბიექტის საკუთრება გახდა.
რაც შეეხება ენოთეკის დაყადაღების თემას, ადვოკატის ინფორმაციით, სამართლებრივი საკითხის გარკვევა მიმდინარეობს; სამართლებრივი დავის დასრულების შემდეგ კი, ენოთეკაც რეაბილიტაციის რეჟიმში ჩადგება, როგორც ეს შენობის სხვა ნაწილების შემთხვევაშია.
ცნობისათვის, შენობა 1896 წელს, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით თბილისელი არქიტექტორის ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აიგო. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. იგი წარმოადგენს აგურით ნაშენ ბაზილიკური ტიპის სამსართულიან ნაგებობას. შენობაში მოხვედრა ხდება ორი დონიდან – პეტრიაშვილის და მელიქიშვილის ქუჩიდან. მოგვიანებით მელიქიშვილის ქუჩის გაზრდამ გამოიწვია შესასველის შეცვლა, ქუჩის მხარეს აშენდა რუსტირებული ქვით მოპირკეთებული თაღოვანი კედელი, რამაც გამოიწვია ცენტრალური კიბის დემონტაჟი და დღეს ქარხანაში მოხვედრა მელიქიშვილის მხრიდან შესაძლებელია სწორედ ამ თაღების გავლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები