თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა მისიის ხელმძღვანელს ამ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. ხაზი გაესვა EUMM-ის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისომექანიზმის მნიშვნელობას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების“ შედეგები უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ანალოგიური დოკუმენტის დაგეგმილი ხელმოწერის გამო. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა მისიის მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელებისა და ასევე ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის აუცილებლობა. ქართულმა მხარემ გამოთქვა EUMM-თან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები