ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. სპორტსმენის ხსოვნას დღეს პატივი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიაგეს.
მოციგავის საფლავი მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა გვირგვინით შეამკეს. გარდა ამისა, მიცვალებულის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ გადაიხადა.
სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით გასულ წელს საფლავის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აქვე მიმდინარეობს შობის სახელობის ეკლესიისა და მუზეუმის მშენებლობაც. მუზეუმში სპორტსმენის პირადი ნივთები, მიღებული ჯილდოები, დიპლომები და მედლები გამოიფინება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მათი დათვალიერება. ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობისაა ბაკურიანში ის ქუჩა, სადაც ქართველი სპორტსმენი ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, რომ ვანკუვერში, ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ვისტლერის ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს სპორტსმენი მეტალის კონსტრუქციას შეეჯახა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნით ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი ტრასის გაუმართაობა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები