დავით უსუფაშვილმა და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ნორბერტ ლამერტმა შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და ნორბერტ ლამერტმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
როგორც უსფაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, მათ განიხილეს რეგიონში, ევროპასა და კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები.
„განვიხილეთ ის საჭირბოროტო საკითხები, რაც ერთნაირად გვაღელვებს ქართველებს და ასევე აღელვებს გერმანელ ხალხს. ეს არის რეგიონში, ევროპასა და კავკასიაში მშვიდობა და უსაფრთხოება. ამასთან, შევჯერდით იმაზე, რომ გერმანია ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ამ პრობლემის მოგვარებაში და გერმანიის მთავრობისთვის საქართველოს პრობლემები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ამ პროცესში ჩვენი საფრთხეები კარგად არის ნაცნობი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ამ თანამშრომლობამ ახალი ელფერი და ენერგია შეიძინა როგორც მთავრობის მეთაურების დონეზე, ასევე პარლამენტის ხელმძღვანელებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების დონეზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გერმანელი კოლეგის დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთი გამოხატულებაა იმ ყურადღების და ინტერესის, რაც გერმანიაში საქართველოს და ზოგადად რეგიონის მიმართ არსებობს.
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი საქართველოში 15 თებერვლამდე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები