ალენ დელონი ქალებზე, რომი შნაიდერზე, ოცნებებზე, საქართველოზე… ( ფოტო , ვიდეო)

 

„საქართველოში პირველად ვარ, მაგრამ ეს მე არ უნდა მისაყვედუროთ. უსაყვედურეთ იმ ქართველებს, რომლებმაც აქამდე არასდროს, არასდროს, არასდროს არ დამპატიჟეს“, – გვითხრა ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა პრესკონფერენციაზე.

ალენ დელონი დღეს დილით ჩამოფრინდა საქართველოში და ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
„მე საქართველოში არავინ არ ვიცი და არავის არ ვიცნობ. მე მხოლოდ პაატა ბურჭულაძის გამო ჩამოვედი. ოპერა ძალიან მიყვარს და ჯერ კიდევ მაშინ აღმოვაჩინე იტალიაში, როცა პაატა 5 წლის იყო“, – ამბობს მსახიობი.

არ იცნობს ქართულ კინემატოგრაფიას: „მოკრძალებით და სინანულით ვამბობ, რომ აქამდე არ ვიცნობდი და მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე.“ არ უყვარს თანამედროვე კინემატოგრაფიაც. „სინემა, რომელიც მე მიყვარდა, ეს იყო წითელი სავარძლებით მოწყობილი კლასიკური კინოდარბაზი. შუქი ქრებოდა, იყავი შენს შეყვარებულ გოგონასთან ან საცოლესთან ერთად და ოცნებობდი. ახლა კინოდარბაზში აღარ ვოცნებობ.“

უყვარს ყველა როლი, რომელიც შეასრულა და თვლის, რომ სწორედ ამან მოუტანა წარმატება.
„არ არის ისეთი პერსონაჟი, რომელიც არ მყვარებია. ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა და მიყვარდა. ცხოვრებაში რომ წარმატებული იყო, უნდა გააკეთო ის, რაც ნამდვილად გსურს. ჩემი პრივილეგიაც სწორედ ეს არის. მილიარდობით ადამიანია, რომლებიც აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც არ უნდათ. თუ ნამდვილად გიყვართ ის, რაც გინდათ და ყველაფერს აკეთებთ საამისოდ, იძულებულიც ხართ, წარმატება გქონდეთ. ჩემი კარიერის დასაწყისიდან დღემდე 58 წელი გავიდა. ბევრი ადამიანი ვერ დაიტრაბახებს ისეთი ინტერესით, როგორც თქვენ დამხვდით საქართველოში.“

ბედნიერი და ამაყია, რომ მისმა შვილმა მსახიობობა აირჩია. თვლის, რომ მსახიობის პროფესია ერთადერთია, სადაც მსახიობები პენსიაზე არ გადიან. სიკვდილის ბოლო წუთამდე თამაშობენ, იმიტომ რომ სიცოცხლე თამაშია. „მეც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვითამაშებ. ყველაზე ლამაზი რამ კი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა – ჩემს შვილთან ერთად სპექტაკლში ვითამაშე და მასთან ერთად სცენაზე ვიდექი. გულში ვფიქრობდი, ეს ხომ ჩემი შვილია. ის 24 წლის არის.“

მსახიობმა რეჟისორებიც შეაფასა: სამი ტიპის რეჟისორები არსებობენ: გენიოსები – ძალიან ძლიერები, საშუალოები და არარაობები. რეჟისორების უმრავლესობა არარაობაა, ვიდრე გენიოსი. არარაობებთან მე ცოტა მკაცრი ვარ. საშინელიც კი. ამიტომ, როცა ამბობენ, რომ ჩემი გარეგნობის გამო რეჟისორები მიწუნებდნენო, მე ვიტყოდი, რომ ჩემი გარეგნობის კი არა, უფრო ჩემი ხასიათის ეშინოდათ.“

მის ცხოვრებაში მთავარი როლი ქალებმა შეასრულეს:
„ქალებმა ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოახდინეს. 23 წლის ვიყავი, სამხედრო სამსახურიდან რომ დავბრუნდი. ყველა ამბობდა, რომ ფიზიკურად არა მიშავდა. ბევრი ქალი იყო ჩემ გარშემო, მათ შორის – რამდენიმე მსახიობი. ისე მოხდა, რომ ეს ქალები ჩემზე 8-10 წლით უფროსები იყვნენ. მათ ყველაფერი მასწავლეს და მომცეს, რისი მოცემაც და სწავლაც შეიძლებოდა. მათი წყალობით გავხდი ის, ვინც ვარ. ასე რომ არ გამმართლებოდა ცხოვრებაში, დღეს აქაც არ ვიქნებოდი. იდეალური ქალი კი ჩემთვის ის არის, ვინც მიყვარს. დღეს არ მყავს ერთი, რომელიც მიყვარს.

რომი შნაიდერი კი ყოველთვის ჩემს გულში და ცხოვრებაშია. ის პირველი ნამდვილი ქალბატონი იყო ჩემს ცხოვრებაში.“

ალენ დელონი საქართველოში სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასის“ მოწვევით ჩამოვიდა და 12 თებერვალს პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს გაუძღვება. კონცერტში 15-მდე ქართველი და უცხოელი მსოფლიო ვარსკვლავი მონაწილეობს. ამასთან, ერთიანდება ორი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ჯანლუკა მარჩიანო და ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებენ.

მზევინარ ხუციშვილი
კახა გოგიჩაიშვილი
ბექა შაყულაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები