ნორლანდი: ამერიკული მხარე მზადაა, ზურაბ ჟვანიას საქმეში საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის კუთხით დაეხმაროს

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამერიკული მხარე მზადაა, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას საქმეში საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის კუთხით დახმარება გაუწიოს – ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო „რედისონში“ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ნორლანდმა აღნიშნა, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, ამერიკული მხარის პოზიცია მრავალი წლის განმავლობაში ცნობილია.
„ამერიკული მხარე მზად არის, თხოვნისა და სურვილის შემთხვევაში, იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურის თუ სასამართლო ექსპერტიზის ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით, საქართველოს დახმარება გაუწიოს. ამ შემთხვევაში ასე მოხდა ჟვანიასა და იმ პირის გარდაცვალების დროსაც, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა. ასე იქნება მომავალშიც“, – აღნიშნა აშშ-ს ელჩმა. მისივე განმარტებით, FBI-მ დასკვნა იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მისთვის ხელმისაწვდომი გახადა.
„ჩვენ მზად ვართ, საქართველოს თხოვნის შემთხვევაში სასამართლო ექსპერტიზის კუთხით დახმარება გავუწიოთ. თუ საქართველოს მთავრობას ახალი ინფორმაცია აქვს და გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიაწვდის, FBI მზადაა, რომ მასალები გამოიკვლიოს“,- განაცხადა ნორლანდმა. რაც შეეხება ინტიმური ცხოვრების დეტალს, რომელზეც გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრობდნენ, აშშ-ს ელჩი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან და ამ საკითხზე ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დასკვნასთან დაკავშირებით გუშინ საღამოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „არჩევანში“ იმსჯელეს. „რუსთავის 2“-ის ინფორმაციით, მათ კონფიდენციალურმა წყარომ FBI-ის იმ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი მიაწოდა, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა. დასკვნებში შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს, დეტალურადაა აღწერილი. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ჟვანიასა და უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. გადაცემაში შემთხვევის ადგილზე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სცენის შესახებ მიუთითებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები