რა უთხრეს პეტრე მამრაძეს ჟვანიას საქმეზე უცხოელმა დიპლომატებმა
მართვის სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელის პეტრე მამრაძის განცხადებით, ის არაერთხელ ესაუბრა ამერიკელ დიპლომატებს, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე მთავრობამ მათ სრული საშუალება მისცა, პირველივე წუთებიდან ყველაფერს გაცნობოდნენ.
მისი თქმით, გამოძიებაში FBI-იმ მონაწილეობა მიიღო და დაადგინა, რომ უსუპოვი – ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო.
„მე მესაუბრა არაერთი უცხოელი დიპლომატი. ამერიკელებიც და სხვებიც. ყველანი აღნიშნავდნენ კმაყოფილებით, რომ მთავრობამ მისცა მათ სრული საშუალება, პირველივე წუთებიდან გაცნობოდნენ ყველაფერს და გამოძიებაში FBI-ის მონაწილეობა მიეღო. მათი აზრით, ეს იყო უბედური შემთხვევა, ორივე ადამიანის, ჟვანიას და უსუპოვის გარდაცვალების მიზეზი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის გაზი, რომელმაც გაჟონა გამათბობლიდან. და ეს ყველაფერი მოხდა იქ, და არა სხვაგან“, – აცხადებს მამრაძე.
გუშინ გადაცემა „არჩევანში“ ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნის ნაწილი გასაჯაროვდა. დასკვნაში წერია, რომ სახლში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, გაზის გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული. კერძოდ, არ ჰქონდა სათანადო ვენტილაციის სისტემა, რომელიც გაიტანდა აირს გამათბობლიდან, რამაც ბინაში ჰაერის ცუდი ხარისხი გამოიწვია.