„ეს რეგულაციები აუცილებლად უნდა ამოქმედდეს, რადგან რეკლამის ბაზრის დემონოპოლიზაცია საჭიროა“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რეკლამის შესახებ კანონში ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა.
ჩაფიძის განცხადებით, ეს არ არის „რუსთავი-2“-ის მიმართ მიმართული ცვლილება. ეს, მისი თქმით, ნაკარნახევია იმით, რომ ბაზრის დემონოპოლიზაცია მოხდეს.
„რეკლამის შესახებ კანონის დიდი ინტერესი მქონდა, კომიტეტის ორ სხდომას დავესწარი, „რუსთავი-2“-ის ძალიან ბევრი შენიშვნა გათვალისწინებულია ცვლილებების დამუშავებისას. პირადად, მე, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ამოქმედების ვადის გადაწევა უმჯობესი იქნებოდა, თუმცა ეს რეგულაციები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა ამოქმედდეს, რადგან რეკლამის ბაზრის დემონოპოლიზაცია საჭიროა. გაკვირვებული ვარ, რატომ არ იწვევდა „რუსთავი 2“-ის, ან ნებისმიერი ტელეკომპანიის შეშფოთებას ის ფაქტი, როდესაც 2011-2012 წლებში საგაზეთო ბაზარი პრაქტიკულად ნადგურდებოდა. დღეს ჩვენ საქმე აბსოლუტურად ნორმალურ პროცესთან გვაქვს, რაც ევროკავშირის რეგულაციების ქართულ რეალობაში დანერგვას გულისხმობს“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.