ელისო ჩაფიძე ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს “პოლიტიკურ წმენდად” არ მიიჩნევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ახალი ხელისუფლების საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
ჩაფიძის განმარტებით, პოლიტიკურ წმენდად არ შეიძლება განიხილებოდეს ის, რომ კონკრეტული სამინისტროებიდან იმ ადამიანებს ათავისუფლებენ, რომლებიც სხვადასხვა დროს ადამიანთა წამებაში, საქმეების შეკერვაში იყვნენ გარეულნი.
ჩაფიძე პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის დაბარების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, მინდია ჯანელიძე ირაკლი სესიაშვილის განცხადებას უახლოეს ხანებში გამოეხმაურება და საპარლამენტო მოსმენის თარიღიც ჩაინიშნება.
„ყველა სამინისტროზე შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტებმა კონტროლი უნდა განახორციელონ. ირაკლი სესიაშვილის განცხადებას, რომ მას სურს შეხვდეს იმ ადამიანებს, ვინც თავდაცვის სამინისტროში საკადრო გადაწყვეტილებებს იღებენ, მე დარწმუნებული ვარ, თავდაცვის ახალი მინისტრი გამოეხმაურება.
მოსმენა დაინიშნება, თუმცა ეს მოსმენა ღია იქნება თუ დახურული, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინფორმაციის მიწოდებას აპირებს თავადცვის მინისტრი დეპუტატებისათვის. თუ საქმე რაიმე სამხედრო ინფორმაციის მიწოდებასთან გვაქვს, ბუნებრივია, კომიტეტის სხდომის ნაწილი დაიხურება და ნაწილი საჯარო იქნება. იმ ადამიანების პოსტებიდან გათავისუფლება, რომლებიც სხვა ადამიანების დევნას ახორციელებდნენ, არ არის პოლიტიკური დევნა. ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ სამართლიანობის განცდა და ის ადამიანები, რომლებიც გუშინ და გუშინწინ მათ უფლებებს არღვევდნენ, აწამებდნენ ციხეებში, კერავდნენ სისხლის სამართლის საქმეებს… სულ მცირე ისინი მაღალ თანამდებობებზე აღარ უნდა იყვნენ და აღარ უნდა ჰქონდეთ ადამიანების ბედის გადაწყვეტის უფლება“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძემ თანამდებობა დატოვა.
„იმისთვის, რათა არ მოხდეს საქართველოს თავდაცვის უწყების იმიჯის შელახვა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. მზად ვარ, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ ყველა კითხვას.
როგორც თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის განცხადებაშია აღნიშნული, ზუმბაძე მზადაა, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
“ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ვრცელდება ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული ბრალდებები და მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია. იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის უწყების იმიჯი არ შეილახოს, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. მზად ვარ, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ ყველა კითხვას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო სასამართლოში, რათა დავიცვა საკუთარი რეპუტაცია და ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სიმართლე“, – აღნიშნულია განცხადებაში.