ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აშშ-ის პრეზიდენტს ბარაქ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„ბი-ბი-სის” ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლდიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად კიევსა და პრორუს მებრძოლებს შორის მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
ამასთან, ობამამ ასევე შეშფოთება გამოხატა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად მსხვერპლთა რიცხვის ზრდის გამო და იმედი გამოთქვა, რომ დღეს მინსკში გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა წარმატებული იქნება იმისათვის, რომ მინსკის შეთანხმების პირობების განხორციელება დაიწყოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი სეპარატისტებისადმი მხარდაჭერა მოსკოვს ძვირი დაუჯდება.