"სანამ თმენის უფლება მქონდა, ვითმენდი – კილაძესაც ვუჩივლებ"

    ექსპერტი გია ხუხაშვილი, ლაშა ამირეჯიბის შემდეგ, „ქრონიკა+“-ის რედაქტორის ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. თუმცა, ხუხაშვილი ლაშა ამირეჯიბისგან განსხვავებით, გაზეთის რედაქტორს უფრო მკაცრ მოთხოვნებს უყენებს.
„სანამ თმენის უფლება მქონდა, მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. ლაშა ამირეჯიბის სასამართლო რომ დასრულდება, მერე ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შევიტან. თუმცა, მე მხოლოდ სამოქალაქო სარჩელით არ დავკმაყოფილდები. მისი ბრალდებები ყველა ზღვარს სცილდება და ცილისწამებაზე და ცრუ დასმენაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც მოვითხოვ. გარდა ამისა, იმის გამოძიებასაც მოვითხოვ, თუ რა ინტერესი დგას ამ ყველაფერის უკან და ხომ არ აქვს ელისო კილაძეს ფინანსური ინტერესი. ალბათ მივმართვავ გამოძიებას, თუმცა ჯერ კიდევ ვაგროვებ მასალებს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გია ხუხაშვილმა.
   რაც შეეხება გია ხუხაშვილისა და ლაშა ამირეჯიბს შორის სასამართლო დაპირისპირებას, დღევანდელი პროცესი მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ ლაშა ამირეჯიბის ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადადო. გია ხუხაშვილი მოპასუხე მხარისგან, ლაშა ამირეჯიბისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ხუხაშვილმა „კვირას“ განუცხადა, ლაშა ამირეჯიბის მიერ პრესაში გამოქვეყნებული ცილისმწამებლური სტატიები აბსოლუტურად ტყუილია და მან ბოდიში უნდა მოიხადოს.
 „პრესაში გამოქვეყნებული სტატიებიდან, თუ რაზეც საუბრობენ, ერთი ფაქტიც დადასტურდა, მზად ვარ, პასუხი ვაგო. წინააღმდეგ შემთხვევაში ლაშა ამირეჯიბმა ბოდიში უნდა მოიხადოს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი. მისივე თქმით, პრესაში გამოქვეყნებულ ცილისწამებლურ სტატიებს მისი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია.
  „მე ჩემი გზით მივდივარ. ამ ცილისმწამებლურ ბრალდებებს ჩემს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ახლა მატერიალურადაც და მორალურადაც ბევრად უკეთესად ვარ, ვიდრე ერთი წლის წინ, იმიტომ რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის“, – ამბობს ხუხაშვილი. თავის მხრივ, ლაშა ამირეჯიბი „კვირასთან“ აცხადებს, რომ ის გია ხუხაშვილს ბოდიშს არ მოუხდის.
  „მე არ ვარ სათანადო მოპასუხე. ჩემამდე გია ხუხაშვილის შესახებ ინფორმაციები მილიონმა ადამიანმა გაახმაურა და შემდეგ დაწერა. რაშიც ვიქნები ადეკვატური მოპასუხე, იმ კითხვებზე გავცემ პასუხს. ჩემამდე, მილიონმა ადამიანმა დაწერა მის რუხ კარდინალობაზე, მის მიერ ბიზნესმენებთან წილების მოთხოვნაზე. ყველას კარგად ახსოვს, როგორ იბარებდა გია ხუხაშვილი ბიზნესმენებს პიქსელის შენობაში, ყველამ იცის აღსარების ოთახის შესახებ. თავის დროზე ხუხაშვილი ამბობდა, „ქართულ ვიკილიქსს“ ვაკეთებ და შემდგომ პროკურატურას გადავცემო. მაინტერესებს, სად არის ეს „ქართული ვიკილექსი“? – აღნიშნა ლაშა ამირეჯიბმა.
  საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი 15 მარტს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები