ლია ელიავა: ნამდვილად არ არის მისასალმებელი ლუდის მწარმოებელთა საქონლის ფასის ზრდა

„თუ სახელმწიფოს უნდა ადგილობრივი ლუდის დაცვა, უნდა განუსაზღვროს ოდნავ მეტი საბაჟო გადასახდელი იმპორტირებულ ლუდს“- აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლია ელიავა.
მიმდინარე წლის 1 მარტიდან ლუდზე აქციზი 50%-ით გაიზრდება. ლუდის მწარმოებლებისთვის მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიუღებელია. მათი განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ბიზნესს ძალიან დააზარალებს. ერთი მხრივ, გაიზრდება ფასი ქართული წარმოების ლუდზე, მეორეს მხრივ კი, შემცირდება წარმოება, რასაც ავტომატურად მოყვება მუშახელის შემცირება
გახდება თუ არა მიღებული კანონი უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული წარმოებისთვის და როგორ შეფასებას აძლევენ ექსპერტები სახელმწიფოს მიერ გადაღებულ ამ გადაწყვეტილებას?
ექსპერტი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ: „სახელმწიფო საბიუჯეტო პოლიტიკა გულისხმობს რიგ შეღავათებს დღგ-ზე. მაგალითად მობილურ ოპერატორებს გაუაფდებათ დღგ, ასევე სამონტაჟო სამუშაოებზე მცირდება დღგ, ასევე საბეჭდი ფირმებისთვისაც მცირდება ქაღალდის გადასახადი. რიგ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტი არბილებს თავის საგადასახადო პოლიტიკას, რიგ ნაწილში კი ამკაცრებს. გამკაცრების საშუალება მას შეუძლია მხოლოდ აქციზით. არსებობს საკმაოდ ორიგინალური კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან გაზრდა საჭიროებს რეფერენდუმს საქართველოში. დღეს სახელმწიფო ბიუჯეტის მანევრირების საშუალება ძალიან შეზღუდულია. ერთი მხრივ, ეკონომიკა იღებს გარკვეულ შეღავათებს დღგ-ს სახით, მეორე მხრივ კი, ნამდვილად არ არის მისასალმებელი ლუდის მწარმოებელთა საქონლის ფასის ზრდა. ვიმედოვნებ რომ ეს არის დროებითი ღონისძიება მანამ, სანამ სახელმწიფო ბიუჯეტი არ შეძლებს უფრო მეტი გადასახადების მობილიზებას – არა ინტენსიური გზით, არამედ ექსტენსიური გზით ანუ საგადასახადო ბაზის გაფართოებით. ჩემი დასკვნა ასეთი იქნება, რომ ჯობდა აქციზის გადასახადი ლუდზე არ გაზრდილიყო, არამედ გაზრდილიყო ისეთ მავნე ნივთიერებებზე როგორიც არის თამბაქო, ნავთობპროდუქტები, ვინაიდან ნავთობპროდუქტების ფასი ეცემა, მაგრამ საქართველოში ამ ფასების შემცირებას ნამდვილად ვერ ვამჩნევთ.
– საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, აქციზური გადასახადი ლუდზე უნდა შეადგენდეს 100 ლიტრზე მინიმუმ 8.5 ევროს. დღეს საქართველოში იგი უკვე შეადგენს 18.5 ევროს და აღემატება ევროკავშირის 12 ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს (მათ შორის, გერმანიას და ჩეხეთს). დაგეგმილი ზრდის შემდეგ საქართველო გადაუსწრებს ევროკავშირის 19 წევრ ქვეყანას და ლუდზე აქციზური გადასახადის ღირებულება გაუტოლდება ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების მაჩვენებელს, სადაც ანალოგიური გადასახადის მოცულობა მაქსიმალურია. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით როგორ შეაფასებდით ფინასთა სამინისტროს მიერ გატარებულ პოლტიკას?
– მე ყოველთვის მომხრე ვარ იმის, რომ საქართველოში იმპორტირებული საქონლის ნაცვლად, იყიდებოდეს ადგილობრივი წარმოების საქონელი და მიმაჩნია ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და შედეგად რაც შეიძლება მეტი შემოსავალი შევიდეს როგორც ქვეყნის ბიუჯეტში, ასევე მოსახლეობაში, ვინაიდან ეს არის დამატებითი შრომითი ხელის დასაქმება.
– გამომდინარეობს თუ არა ლუდზე აქციზის გაზრდის მოთხოვნა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებიდან?
– ასოცირების ხელშეკრულება ლუდზე აქციზს ნამდვილად არ არეგულირებს, იქ იყო გადასახადებზე საუბარი და არა აქციზზე.
– გამოიწვევს თუ არა აქციზის ზრდა ბაზარზე ადგილობრივი და უცხოური ლუდის გაყიდვების დაახლოებით თანაბრად შემცირებას? თუ იქნება ცალკეული კატეგორიები, რომლებსაც ეს შემცირება ნაკლებად შეეხება?
– აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო პროტექციონალისტური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს, მწარმოებლის დაცვას იმპორტისგან. ეკონომიკის სამინისტროს ერთხელ წამოსცდა, რომ აპირებს პროტექციონისტური პოლიტიკის გატარებას, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ როგორ შეიძლება და ეს არის ქვეყნის დამღუპველი. სინამდვილეში ეს არის სწორი. თუ სახელმწიფოს უნდა ადგილობრივი ლუდის დაცვა, მან აუცილებლად უნდა განუსაზღვროს ოდნავ მეტი საბაჟო გადასახდელი იმპორტირებულ ლუდს, რომ ის იყოს ნაკლებად რენტაბელური ვიდრე ადგილობრივი წარმოების. ეს იქნებოდა იდეალური გამოსავალი ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ადგილობრივი წარმოების ლუდს უფრო მეტად ეტანება მოსახლეობა ვიდრე იმპორტირებულს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები