დაიკითხება თუ არა გია ბარამიძე აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით – ირაკლი შოთაძის კომენტარი
მთავარ პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის შესაძლო დაკითხვაზე არ საუბრობს. თუმცა, როგორც შოთაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა, თუ გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს ბარამიძის დაკითხვას, მას დეპუტატის იმუნეტეტის მიუხედავად, მაინც დაკითხავენ. შოთაძის განცხადებით, პროკურატურაში აფრასიძეების საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და საგამოძიებო გეგმაც არსებობს.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აფრასიძეების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. საქმეში, არსებობს მთელი რიგი კითხვები, რომლებზეც პასუხი არის გასაცემი. არსებობს საგამოძიებო გეგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება. მე თავს შევიკავებ წინასწარ ამ გეგმის გასაჯაროებისგან, იმიტომ რომ შესაძლოა გამოძიების ინტერესები დავაზიანო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არც აქამდე მოვრიდებივართ და არც ახლა მოვერიდებით საქმეზე რაც გასაკეთებელია, ვინც დასაკითხია და რაც არის ჩასატარებელი, ყველაფერი აუცილებლად ჩატარდება“, – აღნიშნა შოთაძემ.