რა იყო იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მოტივი – ირაკლი შოთაძის განმარტება
ერთ-ერთი მიმართულება, თუ რაზეც ვმუშაობთ ჩვენ, არის მოტივის დადგენა, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა მოტივი ჰქონდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს.
პროკურორის მოადგილის განმარტებით, მოტივმა შეიძლება გავლენა მოახდინოს 109-ე მუხლის გარემოებებზე და კვალიფიკაცია დამძიდეს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მოტივის ერთ-ერთ ვერსიად ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეც განიხილება.
„როცა ბრიფინგს ვაწყობდით და როცა საზოგადოებისათვის გვინდოდა გვემცნო ის, რაც დაადგინა გამოძიებამ, რა თქმა უნდა ვიცოდით, რომ პირველი და უმთავრესი კითხვა იქნებოდა დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით იმიტომ რომ გია სოსანაშვილს იური ვაზაგაშვილთან პირდაპირი შემხებლობა არ ჰქონია. მე უბრალოდ ბრიფინგის დროსაც დავაფიქსირე და ახლაც მინდა დავაფიქსირო, რომ ამ შემთხვევაში მოტივი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი იქნება და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, თუ რაზეც ვმუშაობთ ჩვენ, არის სწორედ ამ მოტივის დადგენა.
ამ ეტაპზე ცალსახად და უტყუარად არის დადგენილი, რომ ადგილი ჰქონდა დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას.
მოტივმა შეიძლება გავლენა მოახდინოს 109-ე მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე და დამძიდეს ეს კვალიფიკაცია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ ვერსიებზე, რაც ჩვენთან არსებობს მოტივთან დაკავშირებით, კომენტირებისაგან თავს შევიკავებ. შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ვერსია არის, რომ ეს მკვლელობა და ამ მკვლელობის მოტივი შეიძლება იყოს დაკავშირებული ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან“, – განაცხადა შოთაძემ.