ირაკლი შოთაძე: ამ ეტაპზე შეუძლებელია მსჯელობა ტერორისტულ აქტზე

ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიძლება მხოლოდ მსჯელობა მკვლელობაზე, მკვლელობის განზრახვაზე და შეუძლებელია მსჯელობა ტერორისტულ აქტზე, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა მუხლით წარუდგენს ბრალს პროკურატურა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს.
„ბევრი მსჯელობა მიდიოდა საზოგადოებაში იყო ეს ტერორისტული აქტი თუ იყო ეს მკვლელობა. ტერორისტული აქტი მკვლელობისგან იმით განსხვავდება, რომ ტერორისტულმა აქტმა შეიძლება შედეგად მოიტანოს ადამიანის სიკვდილი, მაგრამ არის მიზანიც – ტერორისტული აქტის ჩადენის შემთხვევაში მიზანი არის საზოგადოების დაშინება. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, შეიძლება მხოლოდ მსჯელობა მკვლელობაზე, მკვლელობის განზრახვაზე და შეუძლებელია მსჯელობა ტერორისტულ აქტზე. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შესაბამის მტკიცებულებებს მოვიპოვებთ და დავადგენთ, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ტერორისტულ აქტს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გავექცევით და მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები