რა შეცდომა დაუშვა იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა? – პროკურორის განმარტება
საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილზე, ე.წ. ფალიის სახელურზე გადაკრულმა საიზოლაციო ლენტმა უზრუნველყო ის, რომ დნმ-ის კვალი დარჩა, – ამის შესახებ მთავარმა პროკურატურმა ირაკლი შოთაძემ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებზე საუბრისას განცხადა.
მისი თქმით, ეს არის მკვლელის შეცდომა, რაც დაედო საფუძვლად იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნას.
“ასეთი ტიპის ადამიანები ზოგი “ფალიას” რეზინით აბამს, ზოგი ძაფით, ზოგი იზოლენტით, რომ თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი აფეთქებები. ამ შემთხვევაში მკვლელმა გამოიყენა “იზოლენტი”. “ფალიის” სახელურის სურათებში თქვენ შეამჩნევთ, რომ სახელურზე შეინიშნება ე.წ. იზოლენტის გადაკვრის კვალი, ანუ ერთი მხარე არის წებოვანი. სწორედ “იზოლენტის” წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ ამ სახელურზე დარჩა დნმ-ის კვალი. ეს არის მკვლელის შეცდომა. დასამალი არ არის, ჩვენ გაგვიმართლა. ასეთი გამართლება ბევრ საქმეზე არ ხდება, გაგვიმართლა და ამ შეცდომის საფუძველზე აღმოჩნდა სახელურზე დნმ-ის კვალი. ეს დაედო საფუძვლად იმას, რომ დღეს ჩვენ გავხსენით ეს საქმე და ვიცით უშუალოდ ის პიროვნება, რომელმაც ააფეთქა იური ვაზაგაშვილი”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
საქართველოს პროკურატურამ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დააკავა. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი.