იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული წარმოშობით კასპიდან იყო
წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელის ჯონი საბაძის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი წარმოშობით კასპიდან იყო.
როგორც საბაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ის სოსანაშვილს პირადად იცნობდა. მისი ინფორმაციით, გიორგი სოსანაშვილი წარმოშობოთ კასპის რაიონიდან იყო. საბაძემ სოსანაშვილის პიროვნების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
„ჩემთან გიორგი სოსოანაშვილს პირადი შეხება არ ჰქონია, თუმცა ვიცნობდი, როგორც ჩვენს რაიონში მომსახურე სამართალდამცველს. შემძრა პროკურატურის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ“, – აღნიშნა საბაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი იყო. როგორც გიორგობიანმა „კვირას“ განუცხადა, სოსანაშვილი ორგანოში 2005 წლიდან მუშაობდა.
„გიორგი სოსანაშვილი ორგანოში 2005 წლიდან მუშაობს. ის აქამდე მუშაობდა ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალკის რაიონული სამმართველოს ავრალოს პოლიცის განყოფილებაში, გამომძიებლად“, – განაცხადა გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი.
“გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. “ფალიის სახელური”, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი. გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 14 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.