რაში დახარჯა შალვა რამიშვილმა 53 ათასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან?!
შალვა რამიშვილის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეში გახსნილი გამოფენა 53 ათასი ლარი დაჯდა. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „ალია“ აქვეყნებს. როგორც „ალია“ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით წერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა შპს „არტარეასთან“ ერთად კონცეფტუალური არტის გამოფენის მოსაწყობად თავდაპირველად 100 ათასი ლარი მოითხოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე რამიშვილს 30 ათას ლარზე დათანხმდა.
„ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მძლავრი „იარაღი“, ანუ მის აღმატებულობასთან დაახლოებული ნინო ბაგრატიონი და შედეგად ჩვენმა ბიუჯეტმა თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციისთვის 53 ათასი ლარი გაიღო“, – აღნიშნულია სტატიაში. გამოცემის ინფორმაციით, ავლაბრის რეზიდენციაში გამართული გამოფენა „თიბისი ბანკის“ კუთვნილმა შპს „არტარეამ“ გამართა, რომელსაც ფინანსები არ უჭირს, მაგრამ გამოფენა მაინც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. „ალიამ“ პრეზიდენტის პრესსამსახურს გამოფენის ხარჯთაღრიცხვა მოსთხოვა, თუმცა პასუხად მიიღო, ყველა ერევანში ვართ და რომ ჩამოვალთ ყველაფერს გაგირკვევთო. „ესეც მეორე პრობლემა: როცა პრეზიდენტი სადმე მიდის, მთელი პრესსამსახური დედაბუდიანად უკან მიჰყვება… დავუბრუნდეთ გამოფენას, პრეზიდენტმა განაცხადა: „ეს არის პრეზიდენტის რეზიდენცია და ის ადგილი, სადაც გვსურდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციის, ქართული ნიჭიერებისა და ხელოვნების მიმართ სწრაფვის წარმოჩენა სწორედ თანამედროვე კონტექსტში“. აკი ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განთავსდებაო? გამოდის, უკვე გადაუციათ შალვა რამიშვილისთვის, რომელიც აქედან გაუწევს პოპულარიზაციას თანამედროვე ქართულ კულტურას. ახლა მკითხავთ: შალვამ რა იცის თანამედროვე კულტურისო? არა, შალვა არც ისე უნიჭო კაცია, კულტურის საკითხებში ნამდვილად ერკვევა, მაგრამ ვერ დაგიმალავთ, ფულის საკითხებში უფრო კარგად ერკვევა… აი, მოთხოვნა იცის იმნაირად, ძალიანაც რომ გინდოდეს, უარს ვერ ეტყვი. თუ მაინც გაბედავ უარის თქმას, საქმეში მარტო ბაგრატიონები კი არა, შეიძლება რომანოვებიც ჩარიოს. ბოლო-ბოლო ისე გამოდის, სააკაშვილი რომ იქცეოდა პრეზიდენტობის პირველ დღეებში, სამგზავრო თვითმფრინავით რომ დაფრინავდა, ხშირად მეტროშიც რომ ჩახტებოდა ხოლმე, მაგრამ მერე მთელი ბიუჯეტი თავზე დაიმხო,“ – წერს „ალია“.