როგორ მოიპარეს ქართველებმა მილიონი
თურქმა სამართალდამცველებმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ოთხკაციანმა დაჯგუფების წევრებმა 5 თვეში მილიონ 300 ათასი ლირა მოიპარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ეჭვმიტანილები უკვე დაჰკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულს არ აღიარებენ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულებმა ისინი ამოიცნეს. საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები, 38 წლის კ.ვ; 51 წლის გ.თ; 38 წლის ი.რ. და 27 წლის ი.ა არიან. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს 4 მოქალაქე სტამბოლში იმ მოქალაქეებს უთვალთვალებდა, ვისაც რეესტრიდან და ბანკებიდან დიდი რაოდენობით თანხა გამოჰქონდათ. ამის შემდეგ კი მათ ავტომობილებით დაედევნებოდნენ და ხელსაყრელ ადგილას თანხას ართმევდნენ.
დადგინდა, რომ ეჭვმიტანილებმა თურქეთის სხვადასხვა მოქალაქეს ხუთ თვეში 1 მილიონ 300 ათასი ლირა გასტაცეს. გამოაშკარავდა ისიც, რომ ეჭვმიტანილები ყოველი ქურდობის შემდეგ თურქეთის ტერიტორიას ტოვებდნენ და გარკვეული დროით სამშობლოში ბრუნდებოდნენ.
როგორ გაიხსნა დანაშაული:
თურქეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ეკიპაჟის წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში ბანკებისა და რეესტრების სათვალთვალო კამერების გადამოწმება დაიწყეს. კონკრეტულად კი კამერების დახმარებით, მათ იმ პირების ვინაობა დაადგინეს, რომლებსაც ბანკებიდან დიდი ოდენობით თანხა გაჰქონდათ. გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ეჭვმიტანილებიდან ერთ – ერთი, როგორც წესი, სწორედ ბანკში ან რეესტრში იმყოფებოდა და იმ პირებს უთვალთვალებდა, ვისაც დიდი ოდენობით თანხა გაჰქონდა. პოლიციამ აგრეთვე დაადგინა, რომ პირები, რომლებიც კამერებმა დააფიქსირეს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, თურქეთს აეროპორტით ტოვებდნენ. ეჭვმიტანილების ვინაობები სწორედ თვითმფრინავის ბილეთის შეძენისას გამოყენებული დოკუმენტების მიხედვით გაირკვა.
გამოძიების მიხედვით, ეჭვმიტანილებმა სხვადასხვა დროს გაიტაცეს:
სულთანგაზიში 2013 წლის 30 სექტემბერს ა.ს – მ 85 ათასი ლირა მოიპარა. 2013 წლის 03 ოქტომბერს ავჯილარში მ.ჩ – ს 195 ათასი ლირა მოუპარავს, 2013 წლის 10 ოქტომბერს ბაშაქშეჰირში ბანკიდან ფულის გამომტან ჰ. ჩ – ს ასევე 100 ათასი ლირა, 2013 წლის 28 ნოემბერს მალთეფეში ბანკიდან ფულის გამომტან ნ.უ – ს – 25 ათასი ლირა, ხოლო 2014 წლის 4 თებერვალს ბაჰჩელიევლერში ფ.ა – ს – 196 ათასი ლირა.