საგამოძიებო სამსახურმა მცხეთაში ხუთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, თაღლითთა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის მაისის თვეში, ქ. მცხეთის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, მის მიერვე შექმნილ ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილ უფროსთან, ქ. მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლის დირექტორთან და კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა ქ. მცხეთაში, ფარნავაზის მოედნის მიმდებარედ 8 366 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს და მასზედ განთავსებულ 125 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლებებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება, 2008 წლის მაისის თვის მდგომარეობით, შეადგენდა 1 425 333 ლარს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე, 362-ე, 332-ე და 341-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7 დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
გარდა ამისა, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით.