სასჯელაღსრულების სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 5 თებერვლის ღამეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში იყო არეულობა, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პატიმრები ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, არ ვადასტურებთ. აღნიშნულ დაწესებულებაში სამედიცინო ჩარევა დასჭირდა მხოლოდ ერთ-ერთ ქრონიკულ ავადმყოფ პატიმარს, რომელიც ასთმური შეტევით გადაყვანილ იქნა სამედიცინო კლინიკაში. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სამოქალაქო სექტორის 50-ზე მეტ კლინიკასთან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენი სისტემის მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს. აღნიშნულ კლინიკებში საჭიროებისამებრ პერიოდულად გადაჰყავთ პატიმრები. გუშინ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში რამდენიმე მსჯავრდებული იქნა გაყვანილი გადაუდებელი წესით, რომელთაც ჰქონდათ სხვადასხვა სახის ჩივილები, მათ გაეწიათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება და უკვე დაუბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.