„უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“ – ფილმის ჩვენება გაიმართება
8 თებერვალს, 17:00 საათზე, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჟან-ლიუკ გოდარის ფილმი „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“ ჩვენება გაიმართება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება განხილვა დრამატურგ სოსო მჭედლიშვილთან ერთად. ჟან-ლიუკ გოდარის „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“ ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და გამორჩეული ნამუშევარია.
ფილმის მთავარი გმირი მიშელ პუაკარი (ჟან-პოლ ბელმონდო) თავს ძვირად ღირებული ავტომობილების გატაცებით ირჩენს. მიშელის ცხოვრება რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც პარიზისკენ მიმავალ გზაზე პოლიციელს მოკლავს. ფილმი მაყურებელს აიძულებს, რომ იაზროვნოს და იფიქროს საკუთარ როლზე სამყაროში, ხოლო ერთი შეხედვით უხეში ვიზუალური წყობა, მაყურებელს მთავარი გმირის ყოველდღიურობისა და პრობლემების ნაწილად აქცევს.
გოდარის გამოსახვის საშუალებები და გადაღების მანერა არასოდეს აძლევს მაყურებელს მოდუნების საშუალებას. მთავარი გმირი მიშელი მუდამ წინააღმდეგობებს აწყდება. მან უნდა მოახერხოს და გაიაზროს მისი ეგზისტენციალური არსი.