ირაკლი ღარიბაშვილი: არის გზები, რომ თავიდან ავირიდოთ გაზის ფასის გაძვირება
ჩვენ გამოვნახავთ გზებს იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გაზის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე მაინც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკურმა საბჭომ საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო.
“რაც შეეხება გაზის საკითხს, ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ კარგად გავაანალიზოთ. ჩემი დავალებით ეკონომიკურმა საბჭომ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა, უფრო კარგად გაანალიზება. ჩვენ გამოვნახავთ გზებს იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გაზის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე მაინც”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, გაზის საფასურის გაძვირების საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
“ჩვენ თავად “სოკარის” წარმომადგენლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ისინი აბსოლუტურად მზად არიან, რომ მოვილაპარაკოთ ამ თემაზე. მინდა ორივე ვიცე-პრემიერს მოგიწოდოთ, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად ეს საკითხი უსწრაფესად გადაწვიტოთ. შეიძლება ჩვენ მივმართოთ თხოვნით აზერბაიჯანის მხარესაც, რომ მოხდეს საკითხის გადავადება, პროცესის გადაწევა. მიმაჩნია, რომ არის გარკვეული გზები თავიდან ავირიდოთ გაზის ფასის გაძვირება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.