საქალაქო სასამართლოში მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვა იწყება
საქალაქო სასამართლო საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის მამუკა გვარამიასა და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილი მოადგილის როსტომ ლაზარიას აღმკვეთი ღონისძიების საკითხს დღეს საღამოს გადაწყვეტს – ამის შესახებ „კვირას“ საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
როგორც „კვირას“ საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სხდომა 19.30 წუთზეა დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ბრალი, 2015 წლის 31 იანვარს, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას წარუდგინა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გვარამიამ და ლაზარიამ ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დღეს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, ბრალდებულების – მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.