პროკურატურა ყოფილი პოლიციელებისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი პოლიციელებისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და  ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა  და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ 11 პირს და  ერთ პირს, რომელიც მიმალვაში იმყოფება, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი:
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა;
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე;
შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე;
შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი;
სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.
ხოლო ერთი პირის – შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,  რომ 2006 წლის 02 მაისს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის ხელმძღვანელი პირების კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები