„ნაციონალების“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე მოკვლევის შედეგები მალე გასაჯაროვდება“
მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, როგორ მოხვდა ეს ინფორმაცია მესამე პირების ხელში, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ვიდეომასალის თემის კომენტირებისას განაცხადა. საუბარია მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილის პატრულთან დაპირისპირების ამსახველ ვიდეოზე.
თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგები უახლოეს მომავალში აუცილებლად იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
„მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. დარჩენილია მხოლოდ ის, რომ გავასაჯაროოთ გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგები, რომელიც, როგორც კი დასრულდება, უახლოეს მომავალში აუცილებლად იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, როგორ მოხვდა ეს ინფორმაცია მესამე პირების ხელში, მაგრამ ეს არ არის ცინარიძის შემთხვევა, ეს არის ამ ინფორმაციის დაცულობის საკითხი. რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანმა არა ერთი ჯარიმა გადაიხადა და ასევე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც დაჯარიმებულია სხვადასხვა შემთხევებში, არის მოვალეთა რეესტრში, მაგალითად, იმის გამო, რომ ისინი ვერ იხდიან, ან არ იხდიან ამ გადასახადებს. ასე, რომ ამ შემთხვევაში ამ ერთი კონკრეტული მოქალაქის ამბავი, ჩემი აზრით, ვერ ჩაითვლება, რომ ის განსაკუთრებულად თავს არიდებდა გადასახადების გადახდას“, – განაცხადა თალაკვაძემ.