თეა წულუკიანს მართლმსაჯულების სისტემასთან კითხვები აქვს
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, როგორც კი მართლმსაჯულების ხელმძღვანელი შეიცვლება, მათ დასჭირდებათ, მკაცრად ჩაიხედონ ამ სფეროში. როგორც თეა წულუკიანმა ანტიკორუფციული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მართლმსაჯულების სისტემა უნდა იქნეს შესწავლილი, ხომ არ არსებობს “კორუფციის აღორძინების” რისკის ტიპები.
“სფერო, რომელთან დაკავშირებითაც მე, როგორც ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელს, მაქვს კითხვები, არის მართლმსაჯულების სისტემა. როგორც კი მართლმსაჯულების ხელმძღვანელი შეიცვლება, ჩვენ დაგვჭირდება, მკაცრად ჩავიხედოთ ამ სფეროში, ხომ არ არსებობს რაიმე ტიპის რისკი, რომ იქ კორუფციის დანაშაული აღორძინდეს. იმედი მაქვს – არა”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით კითხვები იმიტომ კი არ აქვს, რომ “კითხვებს საფუძველი აქვს, არამედ იმიტომ, რომ სტრუქტურა არის ბოლომდე დახურული”.
ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს. მას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო, საერთაშორისო და ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.