„გაბუნიას ნათქვამში რომ იოტისოდენა სიმართლე მაინც იყოს, ვაზაგაშვილის დისკრიმინაციისთვის ამას დიდი ხნის წინ გამოიყენებდნენ“

2002 წელს გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას მამის, ლევან გაბუნიას ბრალდებას ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
მოსიაშვილი 2002 წელს მომხდარ მკვლელობასთან მამა- შვილ ვაზაგაშვილების რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ადვოკატის განცხადებით, გარდაცვლილ გიორგი გაბუნიას მამას მიზანმიმართულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი გამოეყენებინათ და ამით ვაზაგაშვილების ოჯახის დისკრედიტაცია მომხდარიყო.
გაგი მოსიაშვილის განმარტებით, მან ოფიციალურად მოითხოვა, რომ გამოძიებული იყოს იმ მკვლელობის საქმე, რომელშიც დაზარალებული მხარე ხელს ვაზაგაშვილებს ადებს.
„რუსთავი 2“ -ის ეთერით გუშინ ვაზაგაშვილებთან დაკავშირებით არაკეთილგანწყობილი მესიჯები გაიგზავნა. საზოგადოებამ ალბათ უკვე იცის, რასთან გვაქვს საქმე. 2002 წლიდან 2012 წლამდე ზურაბ ვაზაგაშვილის კორტების თემა ფაქტობრივად დაიხურა. ოფიციალური გამოძიებით, ზურას და მასთან ერთად მსხდომ პირებს გაუხსნიათ ცეცხლი და საპასუხო ცეცხლის შედეგად გარდაიცვალნენ. ამასთან დაკავშირებით იური ვაზაგაშვილი სულ იბრძოდა და სიმართლის დადგენა უნდოდა. ეს იმ პერიოდის ჩინოვნიკებს დიდ დისკომფორტს უქმნიდა. თუ რაიმე კომპრომატი ექნებოდათ იური ვაზაგაშვილის მიმართ, როგორ გგონიათ, ამას არ გამოიყენებდნენ? ასეთ მოცემულობაში ეს ინფორმაცია რომ თუნდაც იოტისოდენა სიმართლეს შეიცავდეს, არ მოხდებოდა ამ მიმართულებით ვაზაგაშვილის დისკრიმინაცია?
გაბუნიას შესახებ მსმენია საგაზეთო ჩანაწერებიდან და სატელევიზიო სიუჟეტებიდან. ეს ინფორმაცია ახალი არ არის. ეს უკვე კარგად დავიწყებული ძველია. საქმეში დევს ოფიციალური ინფორმაცია, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი ნასამართლევი არ არის. ამ ადამიანს შესაძლებელია ვიღაცებმა არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია. ამ პიროვნებას ვაზაგაშვილების ოჯახის დისკრიმინაციისათვის იყენებენ. ჩვენ გამოძიებას მოვთხოვეთ, რომ ამ საქმის გამოძიებაც მომხდარიყო.
ვითხოვ, მომცენ მასალები, სადაც ბრალი წაყენებულია, ან დაკითხულები არიან ამ საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილი, ან იური ვაზაგაშვილი, რომ  ამ საქმესთან მათი რაიმე ფორმით შემხებლობა მაინც დამანახონ. ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ თითქოს იური ვაზაგაშვილი ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობდა „ჯაზუში“. ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში, მოსარჩელე მხარე ირაკლი ფირცხალავა გახლავთ. ეს არის მცდელობა, ამ ოჯახის დისკრედიტაცია მოხდეს. თუ იური ვაზაგაშვილი იყო მკვლელი და მისი აფთიაქის მეშვეობით ნარკოტიკებით ვაჭრობდა, ამის გადამოწმება ხომ შესაძლებელია?“- აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გადაცემაში „არჩევანში“ 2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნის მამამ, ლევან გაბუნიამ გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილი შვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. მანვე, “რუსთავი 2″-ის ეთერში 2002 წელს წინ ჩადენილ დანაშაულზეც ვრცლად ისაუბრა. ლევან გაბუნიას ინფორმაციით, 2002 წელს ზურაბ ვაზაგაშვილმა და მისმა მეგობრებმა ბექა პაპუაშვილი მოკლეს.
“2002 წელს, ზურაბ ვაზაგაშვილმა, თავის მეგობრებთან ერთად, მოკლა ბექა პაპუაშვილი, რომლის მოწმე იყო ჩემი შვილი გიორგი გაბუნია. ერთი წლის შემდეგ ჩემი შვილი, როგორც მოწმე, მოიშორა ზურა ვაზაგაშვილმა, რომ მას პასუხი არ ეგო. 2003 წელს უკვე „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, მთავრობა შეიცვალა და იმის შიშით, რომ იმ მთავრობას არ გამოეძიებინა ეს საქმე, მოწმე მოიშორეს. გამოძიება ბექა პაპუაშვილის საქმეზე მაშინვე დაიწყო. იმ დღესვე დააკავეს ზურა ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები, მაგრამ იმ დღესვე გაუშვეს. ჩემი შვილის მკვლელობის შემდეგ, ყველა გამომძიებელი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ჩემი შვილის მკვლელობის საქმესთან, საუბრობდა იმაზე, რომ იური ვაზაგაშვილმა 70 ათასი აშშ დოლარი ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურას გადაუხადა. მე ამის მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ეს ინფორმაცია მაშინდელი გამომძიებლებისგან მივიღე“, – განაცხადა ლევან გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“. ლევან გაბუნიას მტკიცებით, გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილი ნარკორეალიზატორი იყო.
„იური ვაზაგაშვილი და მისი შვილი კრიმინალები იყვნენ. მთელმა თბილისმა იცის, რომ იური ვაზაგაშვილი “ჯაზუში” ნარკოტიკებს ყიდდა. მთელმა თბილისმა იცის, რას საქმიანობდა იური ვაზაგაშვილის აფთიაქი „ჯაზუ“. რას საქმიანობდა და, ნარკოტიკები იყიდებოდა და სუბოტექსის პირველი შემომტანები იყვნენ ეგენი”, – განაცხადა ლევან გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები