სევდია უგრეხელიძის მერიას ახალ კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ

  „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარემ გიორგი ბურჯანაძემ თბილისის ბაგა-ბაღებში არსებულ კორუფციულ საქმეებზე განცხადება გააკეთა და სქემის შემუშავებაში კომპანია „დაო პლუსსა“ და მერიას ადანაშაულებს. მისი თქმით, ბაგა-ბაღის ბუღალტრულ მომსახურებას კომპანია „დაო პლუსის“ მეშვეობით სთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ ბაღებში აუდიტორულ მომსახურებას სახელმწიფო აფინანსებს.
„2012 წლიდან გიგი უგულავას მერობისას კომპანიის ხელმძღვანელი გახდა დავით ხოსრუაშვილი. ის 2012-დან 2014 წლამდე აფორმებს ბაგა-ბაღთან ხელშეკრულებას, რომლებთანაც გადასახდელი თანხა 245 ლარია, სადაც შედიოდა დამატებით იურიდიული მომსახურების მცირე პაკეტი. ხოსრუაშვილი ამ პაკეტით სარგებლობდა 2013 წლამდე. დაახლოებით ერთი თვის წინ (უკვე სევდია უგრეხელიძის პერიოდში – თ.ო) სააგენტოს თანამშრომლები დაუკავშირდნენ ბაგა-ბაღის დირექტორებს და უთხრეს, რომ აღნიშნული პაკეტი გაძვირდება 400 ლარამდე. ეს იმით არის განპირობებული, რომ დაემატა 150 – ლარიანი, რომელიც ჯამურად შეადგენდა 400 ლარს“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ გაზეთ „ალიასთან“.
რაც შეეხება „დაო პლუსს“, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, 2008 წლიდან 2012 წლის აპრილამდე ბაღებში ბუღალტრული მომსახურების თანხა 245 ლარი იყო. მისივე თქმით, ეს პაკეტი მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა დავით ხოსრუაშვილმა ჩამოაყალიბა, რომელმაც ბაგა-ბაღის გამგეები დაავალდებულა, რომ ეს ფირმა დამატებით გაუწევდა საბუღალტრო მომსახურებას და ყველა დამორჩილდა.
„ორი კვირის წინ დაუკავშირდნენ გამგეებს და უთხრეს, რომ ამ მომსახურებას, რასაც აქამდე გიწევდით, დავამატეთ კიდევ იურიდიული მომსახურება და პაკეტი მოიცავს 400- ლარიან მოსაკრებელს, რომელიც უნდა გადაიხადოთო. ყველაზე მამაძაღლური რა იყო, იცით? სააგენტომ დაიბარა ბაღების გამგეები. იმათ რომ თქვეს, ჯერ 245 ლარი რა ამბავი იყოო და 400 ლარი საიდან მოვიტანოთო, ამაზე სააგენტომ უპასუხა: პრობლემა არ გაქვთ, ჩვენ გადმოგირიცხავთ ამ თანხებს და თქვენ შემდეგ გადარიცხეთ ამ „შეპესეშიო“. აქ ფულის „პერეკაჩკა“ ხდება. მიდის თანხების გადამისამართება ბიუჯეტიდან და ეს ფული ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადადის. ეს მექანიზმებია ჩადებული ამ საქმეში, საიდანაც კორუფციული სქემა ჩამოყალიბდა“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. ბურჯანაძის თქმით, თბილისში დაახლოებით 158 ბაღია და, ჯამში, ყოველთვიურად ამ ფირმის ანგარიშზე 63 000 ლარი უნდა გადაირიცხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები