თბილისში გაეტანო დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმური“ შესრულდება

30 იანვარს, 19:00 საათზე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაეტანო დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმურის“ პრემიერა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. თბილისის ოპერის თეატრი ამ გენიალურ ოპერას საკონცერტო შესრულებით გვთავაზობს. კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი; სოლისტები – მარიკა მაჩიტიძე, არმაზ დარაშვილი, ზაალ ხელაია, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, თათია ჯიბლაძე, აჩიკო გოგიტიძე, თამაზ საგინაძე; დირიჟორი – ჯანლუკა მარჩანო.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველი საოპერო სეზონი თბილისში 1851 წლის 9 ნოემბერს სწორედ დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურით“ გაიხსნა, რომელსაც იტალიური საოპერო დასი ასრულებდა. ოპერას გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად. სახალხო ზეიმად ქცეულმა სანახაობამ პირდაპირ მდინარე მტკვარზე გადაინაცვლა, სადაც ტივებზე მოკალათებული ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა ოპერის თეატრის გახსნას თბილისში. არიებს იტალიური ოპერიდან ენაცვლებოდა ადგილობრივი ქალაქური მუსიკის ჰანგები.
დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმური“ თბილისის ოპერის თეატრის რეპერტუარის განუყოფელი ნაწილი 1951 წლამდე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები