გიორგი მარგველაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა გვაკისრებს პასუხისმგებლობას, უწყვეტი ძალისხმევა მივმართოთ მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გარემოს უზრუნველსაყოფად.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ექვსი მილიონი ებრაელისა და მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანის, მათ შორის, მილიონნახევარი ბავშვის ნათელ ხსოვნას, რომელთა ბედი კაცობრიობის უდიდეს ტრაგედიად იქცა.
ჰოლოკოსტმა შემაძრწუნებლად გვიჩვენა, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, თუკი საკუთარ ქმედებას საფუძვლად დაუდებს სხვისადმი სიძულვილს, საკუთარი გამორჩეულობისა და უპირატესობის უპირობო რწმენას.
ეს გამოცდილება გვაფრთხილებს, რომ შეუწყნარებლობის მიმართ ყურადღების მოდუნებისთვის ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოგვიწევს. ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს გვმართებს უწყვეტი ძალისხმევა, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედიები.
ეს ნიშნავს, რომ მოვალენი ვართ, საფუძვლებშივე წინ აღვუდგეთ ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.