საქართველო და ლიტვა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ (ვიდეო)

საქართველოსა და ლიტვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიამდე ირაკლი ღარიბაშვილმა და ალგირდას ბუტკევიჩიუსმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელშიც 100-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობს.
საქართველოში არსებული ხელსაყრელი პირობები ბიზნესის საწარმოებლად, ქვეყნის მტკიცე რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობები და სატრანზიტო პოტენციალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვის ძირითადი თემები იყო.
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, მსოფლიოს ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციას. ამასთან ერთად, ეს ახალი პერსპექტივებით უზრუნველყოფს საქართველოსა და იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საქმიანობენ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ხაზი გაუსვა ლიტვასთან სავაჭრო ბრუნვის ზრდის მნიშვნელობას.
სავაჭრო ბრუნვა ლიტვასთან 30.5 პროცენტით გაიზარდა და 76 მილიონ დოლარს გადააჭარბა; ექსპორტი თითქმის 46 პროცენტით, 32 მილიონ დოლარამდე გაიზარდა; იმპორტი 21 პროცენტზე მეტით, 45 მილიონ დოლარამდე გაიზარდა;
ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა. ალგირდას ბუტკევიჩიუსის განცხადებით, საქართველოს და ლიტვას საერთო ეკონომიკური ინტერესები აქვთ და ლიტველი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით.
„მე ჩამოვედი საქართველოში, რომ ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის თანამშრომლობისთვის სტიმული მიმეცა და დარწმუნებული ვარ, ბიზნესფორუმი პროდუქტიული იქნება“, – აღნიშნა ლიტვის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები