ემზარ კვიციანმა საქმის ახალ პროკურორთან საპროცესო შეთანხმება უკვე გააფორმა – რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე?
განსასჯელ ემზარ კვიციანის საქმის ახალი პროკურორი ცნობილია. ყოფილი პროკურორი თენგიზ ხარებავა თენგიზ ჭიპაშვილმა ჩაანაცვლა – ამის შესახებ „კვირას“ ემზარ კვიციანის ადვოკატმა რეზო კახნიაურმა განუცხადა.
მისი თქმით, პროკურორ თენგიზ ჭიპაშვილსა და განსასჯელს შორის საპროცესო შეთანხმება გუშინ, გლდანის მე-8 დაწესებულებაში გაფორმდა.
„გუშინ, გლდანის მე-8 დაწესებულებაში ემზარ კვიციანსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებაზე ხელი პროკურორმა თენგიზ ჭიპაშვილმა მოაწერა. შეთანხმება 11 -თვიან სასჯელზე გაფორმდა. ამით, ემზარ კვიციანსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება შედგა, ჯერი მოსამართლეზეა. სასამართლო პროცესი 28 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია დანიშნული. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. თუ პროკურატურასთან შევთანხმდებით პროცესუალურ შეთანხმებაზე, მოსამართლემ მხოლოდ უნდა დაადასტუროს ეს ფაქტი“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ადვოკატი რევაზ კახნიაური.
მისი თქმით, მას, როგორც ემზარ კვიციანის ადვოკატს, იმედი აქვს, რომ 28 იანვარს ემზარ კვიციანს გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, რომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში 28 იანვარს გაიმართება.