გლდანის საპატიმროში 55-მდე პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა
გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 55-მა უვადო პატიმრობამისჯილმა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა.
პატიმრები ამის მოტივად რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის 2012 წელს განხორციელებულ ამნისტიას, რომელიც მათ არ შეხებიათ.
პატიმრების თქმით, მათ გარდა, ამნისტია ყველა სხვა მსჯავრდებულს შეეხო და სასჯელის ზომა შეუმცირდათ, ან განთავისუფლდნენ.
„ამ ეტაპზე მხოლოდ გლდანის საპყრობილეში მყოფი უვადო პატიმრობამისჯილები ვშიმშილობთ. ჩვენი პროტესტი უვადოდ გაგრძელდება. 2012 წელს, ამნისტიის კანონით, სრულად თუ ნაწილობრივ, ყველა მსჯავრდებულს შეუმსუბუქდა სასჯელი ერთი მეოთხედით მაინც, მათ შორის მათ, ვისაც ჩვენ მიერ ჩადენილი დანაშაულების მსგავსი დანაშაულები ჰქონდათ ჩადენილი. ჩვენს შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლებამ აღიარა, რომ ერთი მეოთხედით შეგვიმცირდა სასჯელი, მაგრამ ისევ უვადოპატიმრობამისჯილებად ვრჩები. როგორც აღმოჩნდა, ეს არის საკანონმდებლო ხარვეზის ბრალი, რომელიც არც პარლამენტმა, არც სასამართლო ხელისუფლებამ არ გამოასწორა. ეს ხარვეზი დღემდე ღიად დარჩა“, – განაცხადა ერთ-ერთმა პატიმარმა.