მოსკოვში სირიის მთავრობისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები დაიწყო

დღეს მოსკოვში სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებები დაიწყო. ოთხდღიან სამიტში 30 ადამიანი მონაწილეობს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, შეხვედრას საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები არ დაესწრებიან.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, ანდრეი ბოგდანოვის თქმით, მოლაპარაკებების მონაწილეებს შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდეს. სამიტი ორი ეტაპად ჩატარდება: პირველი ორი დღის განმავლობაში ოპოზიციური დაჯგუფებების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, 28-29 იანვარს კი მოლაპარაკებებს ოფიციალური დამასკოს წარმომადგენლები შეუერთდებიან.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოლაპარაკებებზე მიწვევა, სირიის ოპოზიციური ნაციონალური კოალიციისა და რევოლუციური ძალების გარდა, სირიის ოპოზიციის ყველა ჯგუფმა მიიღო. სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად დასკვნითი დოკუმენტის მიღება არ იგეგმება. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი – ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოფიციალურ დამასკოს შორის დიალოგის წარმართვაა. „თუ რაიმე ქიმია შეინიშნება, არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ პოლიტიკურ კონტექსტში, შესაძლოა, ეს სირიის საკითხებზე მომუშავე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სტეფან დი მისტურას უფრო ფორმალური პროცესის ორგანიზებაში დაეხმარება“, – განაცხადა ლავროვმა.
გაეროსა და აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონსულტაციების გამართვის ინიციატივა დადებითად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები