ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიკაიძის განცხადება შს მინისტრობიდან გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება შს მინისტრობიდან გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს 23 იანვარს მიმართა. “მინდა, მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – აცხადებდა 23 იანვარს ჭიკაიძე.
იმავე დღეს ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ღარიბაშვილის განმარტებითვე, ჭიკაიძემ დაადასტურა ის, რომ მისთვის მთავარია არა თანამდებობა, არამედ ხალხის სამსახურში ყოფნა.
“მან მომმართა თხოვნით, რომ დავაკმაყოფილო მისი განცხადება გადადგომის თაობაზე. მე მინდა გითხრათ, რომ ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსებული ადამიანი, მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ღირსეული პოლიციელი და ღირსეული ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის. ის მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვა, თუნდაც ის აბსურდული იყოს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.