ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტიკის კუთხით, რუსეთთან არ შეიმჩნევა არავითარი გაუმჯობესება

პოლიტიკის კუთხით, რუსეთთან არ შეიმჩნევა არავითარი გაუმჯობესება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ვიზიტისას, ტელეკომპანია CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთი საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ადეკვატურად არ პასუხობს. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავარი მიზანია, მოხდეს რეგიონების დეოკუპაცია და შერიგების პროცესის წამოწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებთან.
„რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებში უმთავრესი პრობლემა არის ოკუპირებული ტერიტორიები, ანუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ჩვენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებას შევეცადეთ. ჩვენ გავმიჯნეთ ერთმანეთისგან რუსეთთან ერთი მხრივ, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და, მეორე მხრივ, პოლიტიკური ურთიერთობების სფერო. რაც შეეხება ეკონომიკასა და ვაჭრობას, ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ გაუმჯობესებას. რუსეთმა თავისი ბაზარი გაუხსნა ქართულ ღვინოს, მინერალურ წყლებსა და ა.შ. მეორე მხრივ, პოლიტიკის კუთხით, არ შეიმჩნევა არავითარი გაუმჯობესება. პირიქით, რუსეთმა გადაწყვიტა, არ უპასუხოს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით.
ორი თვის წინ რუსეთმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონთან. დღეს კი რუსეთის დუმამ ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. გარდა ამისა, რუსეთი გეგმავს მსგავსი შეთანხმების გაფორმებას სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ განვიხილავთ ამ შეთანხმებებს როგორც ჩვენი ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს. ჩემი აზრით, ეს ვერავითარ სარგებელს ვერ მოუტანს ვერც ურთიერთნდობის გაღვივების და ვერც ამ პრობლემის გადაჭრის საქმეს. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონების დეოკუპაციას და წამოვიწყოთ შერიგების მყისიერი პროცესი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან. ასე რომ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები