მინდია ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. პედრო მორენეს ეულატემ ქართველ კოლეგას ესპანეთის თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.
“შეხვედრის დასაწყისში მინდია ჯანელიძემ ესპანელ კოლეგას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ესპანელი დამკვირვებლების ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. პირისპირ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კიბერუსაფრთხოების, წვრთნისა და განათლების სფეროებზე. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პედრო მორენეს ეულატეს ესპანელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო კურსების გავლა შესთავაზა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესსა და უელსში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მინიჭების საკითხს. მინდია ჯანელიძემ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ესპანური მხარის ჩართვის იმედი გამოთქვა. მხარეებმა ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერისა” და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზეც იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრმა პედრო მორენეს ეულატეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო. პირისპირ შეხვედრაზე მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ.
ესპანეთის სამეფოში ვიზიტისას, დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სტუმრობა ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ბაზაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესპანელი მხატვრის აუგუსტო ფერერ-დალმაუს ნახატების გამოფენასაც დაესწრება და ესპანელ მწერალს ლუკას მოლინას „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვებ,”- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები