დარჩება თუ არა ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში – რუსეთი ყირიმის მიერთების საკითხის განსახილველად მზად არის
ყირიმში მდგომარეობა გართულდა, გვიან საღამოს უკრაინაში ახალი ხელისუფლების მოსვლის მოწინააღმდეგეებმა სიმფეროპოლში მდებარე ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს და ავტონომიის დამოუკიდებლობის სტატუსის განსაზღვრისთვის რეფერენდუმის დანიშვნას მოითხოვდნენ. ყირიმის შესახებ აქტიურად მსჯელობენ რუსეთის, უკრაინის და მათ შორის საქართველოს ექსპერტთა წრებში. როგორც ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძემ „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, მიუხედავად ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატის განცხადებისა და საზოგადოების ნაწილის სურვილისა, ყირიმი რუსეთთან მიერთებული ვერ იქნება. მისი თქმით, ყირიმის უკრაინისგან გამოყოფა ძალიან რთული პროცესი იქნება, რუსეთისთვის კი ამას დასავლეთთან სერიოზული დაპირისპირება და კონფლიქტი მოჰყვება.
„ მარტივი არ იქნება ყირიმის უკრაინისგან გამოყოფა. არა მგონია, ეს მოხდეს. სამართლებრივად ურთულესი იქნება იმიტომ, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტია. ამასთან, ძალიან ბევრი ყოფითი საკითხია – ყირიმი წყლით მთლიანად უკრაინიდან მარაგდება. მეორეც, მოსახლეობის ნაწილი შეიძლება ითხოვს კიდეც რუსეთთან შეერთებას, მაგრამ ყირიმში ძალიან აქტიური მასა და მოსახლეობის ფენა არსებობს, რომელიც ამის კატეგორიულად არ დაუშვებს“,- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
შარაშენიძის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა რუსეთს დიდ დაბრკოლებას შეუქმნის დასავლეთის ქვეყნები. მათ შორის ამერიკა და ბრიტანეთი, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტები არიან. მისი თქმით, რუსეთს უკრაინის გახლეჩვის მცდელობა დასავლეთთან კონფლიქტამდე მიიყვანს. „რუსეთს ავანტიურაში ჩართვა არ სჭირდება, ისინი ამას კარგად აცნობიერებენ. თუ რუსეთი ავანტიურაში ჩაერთვება, ეს კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება თვითონ რუსეთისთვის. ამას სერიოზული დაპირისპირება მოყვება – სამხედრო თუ არა, დასავლეთთან დიპლომატიურ დაპირისპირებას ვერ ასცდება, რადგან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტები ასევე ამერიკა და ინგლისი არიან. ეს რუსეთის სასტიკი მარცხით დასრულდება. რუსეთი მიდის უკრაინის ტერიტორიის გახლეჩვაზე. ამით ის პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და შეთანხმებას, რომელსაც რუსეთმა თვითონ მოაწერა ხელი“,- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
რუსეთში ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სურვილის შემთხვევაში მზად არიან, უკრაინის ტერიტორიის მიერთების ნაწილი განიხილონ. როგორც რუსეთის დუმის დეპუტატებმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, თუ ყირიმის პარლამენტი ან ნახევარკუნძულის მცხოვრებლები განაცხადებენ სურვილს რუსეთთან მიერთების შესახებ, რუსეთში ამ ინიციატივას შეისწავლიან.
„რუსეთს სურს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, ამასთან ერთად, თუ ყირიმი მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთთან მიერთების შესახებ, რუსეთი მზადაა ამ ინიციატივის განსახილველად, თუმცა რაც შეეხება მთლიანობაში ჩვენს ხედვას უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე – ჩვენ უკრაინის მთლიანობის შენარჩუნება გვსურს და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ეს რეალურია”, – განაცხადა სიმფეროპოლში რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს საქმეების, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა. თუმცა, მისივე თქმით, თუ ის ტენდენციები, რომლებიც კიევში გაგრძელდება და შენარჩუნებული იქნება და ყირიმის პარლამენტი და მოსახლეობა რეფერენდუმით გადაწყვეტენ, რომ მათ რუსეთთან მიერთება სურთ – რუსეთი ამ გადაწყვეტილებას შეისწავლის.
„ჩვენ შევისწავლით ამ სიტუაციას, თან საკმაოდ სწრაფად და ალბათ შევძლებთ, ვიპოვოთ საღი აზრი და პრაქტიკული ნაბიჯები მისი რეალიზაციისთვის”, – განაცხადა სლუცკიმ. ამის პარალელურად სევასტოპოლში თავდაცვის ჯგუფების შექმნა დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ისინი ოპოზიციის რადიკალური ფრთის თავდასხმების წინააღმდეგ ერთიანდებიან. პარალელურად, საგანგებო ბრძანება გასცა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ალექსანდრე ტურჩინოვმა შეშფოთება გამოთქვა ქვეყნის ამ ნაწილში სეპარატიზმის ნიშნების გაჩენასთან დაკავშირებით. მისი განკარგულების მიხედვით, ყველა, ვინც პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერი სახის სეპარატისტულ ქმედებაზე, უნდა დაისაჯოს.
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საბჭოს შენობასთან პრორუსული ძალების წარმომადგენლები აქციას მართავდნენ. დაახლოებით 500-მდე ადამიანი საბჭოსგან ყირიმის დამოუკიდებლობისთვის კენჭისყრას და უკრაინის ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოცხადებას მოითხოვდა.
ცირა შერგელაშვილი