“მამა ილიამ თავისი გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა“
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არქმინადრიტ ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი ოჯახს მიუსამძიმრა. გიორგი მარგველაშვილი ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად ცოტა ხნის წინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.
“საქართველოს ისტორიაში, სადაც სამშობლოსთვის თავდადებული ამდენი წმინდანი და გმირია, ძნელია ჩაწერო შენი სახელი, მაგრამ მამა ილიამ ეს შეძლო და თავისი გმირობით უკეთესი გახადა საერთოდ მთელი კაცობრიობა – გაანათა ის თავისი რწმენით და გმირობით. ჩვენ მამა ილია კარტოზია დავაჯილდოვეთ სამოქალაქო გმირობისთვის. ეს არის მცირე წვლილი, რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, მაგრამ, ბუნებრივია, მისი ხსოვნის პატივისცემა და მის მაგალითზე მომავალი თაობების აღზრდა არის ყველა ჩვენგანის ვალი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარშია დასვენებული. დღეს, წირვის დასრულების შემდეგ, არქიმანდრიტის ცხედარს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიკზე” ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. ტრაგედიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილიამ თავისი ადგილი სამაშველო ნავში ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თვითონ ისევ გემბანზე დარჩა. საბოლოოდ მისი გადაყვანის დროს ბაგირი ჩაწყდა და მაშველებმა ვეღარ შეძლეს მისი გადარჩენა.