ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს
სამეგრელოს რეგიონის სოფელ ახალსოფელში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამსართულიან შენობაში საცხოვრებელ ფართს, კრიტერიუმების შესაბამისად, 42 დევნილი ოჯახი მიიღებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, დევნილთა დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ და დანიის ლტოლვილთა საბჭოს დასავლეთ საქართველოს პროგრამის მენეჯერმა ბლერიმ მუჰაჯერმა, მონიტორინგის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.
სამშენებლო სამუშაოებს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს. შენობის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. თითოეულ ბინაში დამონტაჟდება წყლის ელექტროგამაცხელებელი და გაზის გამათბობელი, ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის.
მშენებლობაზე 20-მდე დევნილია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება.
საცხოვრებელი ფართების გადაცემის პარალელურად, დანიის ლტოლვილთა საბჭო, სამინისტროსთნ მჭიდრო თანამშრომლობით, დევნილი ოჯახებისათვის მცირე გრანტების გადაცემის პროექტსაც განახორციელებს.
ახალსოფელში, დანიის ლტოლვილთა საბჭომ რეაბილიტაცია საბავშვო-ბაღის შენობასაც ჩაუტარა, რომელიც 50-მდე ბავშვზეა გათვლილი, მათ შორის იქნებიან დევნილი ბავშვებიც.