დავით საგანელიძე საპარლამენტო თანამდებობებიდან “თავისუფალი დემოკრატებისა” გადაყენების საკითხის დაყენებას აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პარლამენტის სპიკერატიდან და საკომიტეტო თანამდებობებიდან “თავისუფალი დემოკრატების” გადაყენების საკითხის დაყენებას აპირებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.
საგანელიძე ფიქრობს, რომ უმრავლესობის საპარლამენტო კვოტები უმრავლესობას უნდა ჰქონდეს.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, დეპუტატებს, რომელთაც საკითხი ეხებათ, პირადად ძალიან დიდ პატივს სცემს. თუმცა საგანელიძის თქმით, “ამ შემთხვევაში საუბარია არა პირად სიმპატია-ანტიპატიაზე, არამედ პარლამენტის რეგლამენტზე, წესზე და კვოტებზე, რომელიც ეკუთვნის უმრავლესობას”.
ამასთან, საგანელიძე გეგმავს, რომ მმართველი გუნდის წინაშე აჭარის კვოტით დამტკიცებული ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის თანამდებობიდან გამოწვევის საკითხიც დასვას.
“ალბათ ხედავთ, ბოლო ორი წელია, პარლამენტი ყოველთვის დაძაბულ რეჟიმში მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ასეთივე დაძაბული იქნება საგაზაფხულო სესიაც – დატვირთული როგორც საკანონმდებლო ინიციატივებით, ასევე იმ საკადრო გადაწყვეტილებებით, რაც პარლამენტმა უნდა მიიღოს. ეს ეხება სასამართლოს სფეროს, მარეგულირებელ კომისიას და სხვა იმ სფეროებს, სადაც დანიშვნები პარლამენტის პრეროგატივაა. რაც შეეხება ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარეების საკითხს, ვარ უმრავლესობის ლიდერი და, ბუნებრივია, უმრავლესობის კვოტას ვიცავ, რაც დღეის მდგომარეობით დარღვეულია, ამიტომ აღნიშნულ საკითხს დავაყენებ. ამ თემაზე ფრაქციებთან, პოლიტსაჭოზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, მაგრამ საკითხს განხილვისთვის დავაყენებ”, – განუცხადა ჟურნალისტებს საგანელიძემ.
როგორც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით იქნება დატვირთული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები