ენერგეტიკის სამინისტრო ენგურჰესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ენერგეტიკის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს “ენგურჰესის” კუთვნილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის განცხადება აცდენილია რეალობას.
„ენგურჰესის ოპერირების შესახებ აფხაზური მხარის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე მოლაპარაკების დაწყებას ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ენგურჰესი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს. “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის განცხადება აცდენილია რეალობას . კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ პასუხიმგებელნი ვართ საქართველოს ამ რეგიონის წინაშე. მიუხედავად კონფლიქტისა და არსებული პოლიტიკური სირთულეებისა, ენგურჰესი ისევე აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა ნებისმიერ კუთხეს. აღვნიშნავთ, რომ ენგურჰესის ოპერირებას ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ ვუწევთ მონიტორინგს ჰესის სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს. ენგურჰესის ექსპლუატაციის სრულ ხარჯს ფარავს საქართველოს მთავრობა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, კომპანია “ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა, ასლან ბასარიამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია.
“ქონების რეესტრში ეს ობიექტი არ არის. საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავედით მოლაპარაკებების პროცესზე ქართულ მხარესთან. თუ ეს საკითხი არ გადაწყდება როგორც აფხაზეთი, ასევე საქართველოს დაზარალდება”, – განაცხადა ბესარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები