„ზვიად გამსახურდია ლურჯი „მერსედესით“ არ სარგებლობდა. მანქანა, რომელიც იყიდება, არ ვიცი, საიდან გაჩნდა“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინტერნეტში გასაყიდად გამოტანილი ლურჯი ფერის “მერსედესის” მარკის ავტომობილი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა. აღნიშნული განცხადება საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განცხადებით, პრეზიდენტისთვის 1991 წელს შეძენილი ორივე „მერსედესი“ საქართველოში იმყოფება. გამსახურდიას თქმით, გასაყიდად წარმოდგენილია ლურჯი ფერის „მერსედესი“ მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდია  ამ ფერის მანქანით საერთოდ არ სარგებლობდა.
„ძალიან უცნაურია. ეს ის მანქანა არ არის, რომელიც იყიდება აზერბაიჯანში, არის SL კლასის ლურჯი ფერის და არ ჰგავს ჯავშანმანქანას. ძალიან საეჭვოა. ეს არც მეშვიდე და არც მეხუთე კატეგორიის ჯავშანმანაქანა არ არის. ის მანქანა, რომელიც იყიდება, ჩემთვის უცნობია. არ ვიცი, საიდან გაჩნდა. მისი ფერიც პრეზიდენტის მანქანის ფერს არ ემთხვევა. ის მანქანა, რომელსაც დღეს სთავაზობენ აუქციონს, არის ლურჯი ფერის. ის „მერსედესები“ კი, რომლებიც პრეზიდენტის ესკორტში იყო, ერთი მუქი ნაცრისფერი, მეორე კი ღია მწვანე ფერის იყო“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
პირველი პრეზიდენტის ვაჟის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ჩათვლით, პრეზიდენტის ესკორტში შემავალი ორივე „მერსედესი“ სახელმწიფო ესკორტის სპეციალურ სადგომზე იმყოფებოდა.
„მანქანა, რომლითაც უშუალოდ პრეზიდენტი დადიოდა, იყო მუქი ნაცრისფერი, SL კლასის „მერსედესი“, მეორე კი – ღია მწვანე ფერის. ისიც SL კლასის. რომლითაც პრეზიდენტი გადაადგილდებოდა, იყო მეშვიდე კატეგორიის ჯავშანმანქანა. ხოლო მეორე, მეხუთე კატეგორიის ჯავშანმანქანა იყო. ორივე ავტომანქანა შეძენილი იქნა გერმანიაში, მაშინდელი ოფიციალური პირის კახი ასათიანის მიერ, თითოეული 42 000 გერმანულ მარკად. ჩემი მონაცემებით, ეს შეძენა უნდა განხორციელებულიყო 1991 წლის თებერვალში. ორივე მანქანა, როგორც სახელმწიფო საკუთრება, ამის შემდეგ ჩამოყვანილი იქნა თბილისში, ერთი მათგანი პრეზიდენტის ესკორტს გადაეცა და პრეზიდენტი გადაადგილდებოდა. მეორე კი პრეზიდენტმა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ასლან აბაშიძეს გადასცა.
როდესაც მოხდა გადატრიალება, პრეზიდენტი თავისი „მერსედესით“, საუბარია მუქ ნაცრისფერ „მერსედესზე“, ჩავიდა ქალაქ იჯერვანში, სადაც ის თავის თანმხლებ პირებთან ერთად 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მანამ სანამ მათი გროზნოში გადასვლის საკითხი არ გაირკვა. პრეზიდენტის დაჯავშნილი „მერსედესი“ კი ქალაქ იჯერვანში დარჩა. ამის შემდეგ საქართველოს სამხედრო საბჭომ, რომელმაც ხელში აიღო ძალაუფლება, ეს მანქანა დაიბრუნა. მეორე მანქანა მოგვიანებით ასლან აბაშიძემ თბილისში დააბრუნა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ორივე „მერსედესი“ ჯერ საქართველოს მთავარი პროკურატურის სადგომზე იმყოფებოდა, ხოლო როდესაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, მანქანები სახელმწიფო ესკორტის სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს. ორივე მანქანა 2012 წლის მონაცემებით, იყო მუშა მდგომარეობაში და მგონია, რომ ისინი დღესაც სახელმწიფო ესკორტის სპეციალურ სადგომზე იმყოფებიან“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
შეგახსენებთ, რომ მანქანების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე: myauto. Ge 2015 წლის 1 იანვარს მსუბუქი ავტომობილის MERCEDES-BENZ-ის გაყიდვის თაობაზე განცხადება გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავტომანქანა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ყოფილი მანქანაა და იგი 32 000 დოლარად არის შეფასებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები