საგარეო უწყება აფრიკაში მყოფი 23 ქართველი მეზღვაურის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები, ბერძნული კომპანია Western Mediterranean Shipping S.A-ს წარმომადგენელს დაუკავშირდნენ, რომლის 5 ხომალდზეც დასაქმებული 23 ქართველი მეზღვაური ბენინის სანაპიროსთან იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხუთი გემიდან სამი უკვე მომარაგებულია საკვებით, დანარჩენ ორს, დღეს დღის განმავლობაში მიეწოდება სურსათი.
ხელფასებსა და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იანვრის ბოლომდე მოგვარდება ფინანსური პრობლემები, რის შემდეგაც კომპანია უზრუნველყოფს მეზღვაურებისთვის ხელფასების გადახდასა და ეტაპობრივად მათ სამშობლოში დაბრუნებას.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ერთი მოქალაქე ხელის მოტეხილობით, გემ DIAS-იდან გადაიყვანეს საავადმყოფოში, რის შემდეგაც იგი სამშობლოში გამოემგზავრა. ასევე, გემ DIAS-ის კიდევ ერთი მეზღვაური უახლოეს პერიოდში გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას.
ხომალდ ASTERIS-დან ორი ქართველი მეზღვაური გადმოიყვანეს, რომლებიც ამჟამად განას დედაქალაქ აგრაში იმყოფებიან. მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს განას საელჩოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები