ბუხენვალდის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკის ქართველი ტყვე – გრიგოლ ჭეიშვილის ისტორია

 ლეიტენანტ გრიგოლ ჭეიშვილის შვილი თამაზ ჭეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მამის ფოტოს აქვეყნებს და თან საინტერესო ისტორიას ურთავს.
„ამ ფოტოზე მამაჩემია აღბეჭდილი – „ბუჰენვალდის“ ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე, მაჯაზე ამომწვარი ნომრით – 30211… 1942 წლის აგვისტოში დაჭრილი ლეიტენანტი გრიგოლ ჭეიშვილი, მის საარტილერიო დივიზიონის ნარჩენებთან ერთად, ალყაში მოექცა და გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს… ბანაკიდან ბანაკში გადაჰყავდათ, ბოლოს „ბუჰენვალდში“ მოხვდა და იქ იყო მანამ, ვიდრე ფაშისტების კაპიტულაციის შემდეგ მოკავშირეებმა არ გაათავისუფლეს. მამას არ უყვარდა „ბუჰენვალდის“ ამბების მოყოლა. მიუხედავად ამდენი ტანჯვისა, კაცს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა! 1984 წელს ჟურნალისტთა ჯგუფთან ერთად გერმანიაში უნდა გავმგზავრებულიყავი 15 დღით. ფაქტობრივად, ეს ტურისტული მოგზაურობა გახლდათ. მამაჩემს ვეუბნები: – მამა,ზეგ გერმანიაში მივდივარ, საექსკურსიო გეგმაში ,,ბუჰენვალდიც“ არის. გაზეთს კითხულობდა, თავი არ აუწევია, ისე მიპასუხა: – რა გინდა მერე იქ, ,,დანგრეულია“ მთელი გერმანია და ევროპა!.. მივხვდი, რომ უფროსმა ჭეიშვილმა გამაღადავა.
„ბუჰენვალდში“, ომის დროს გადაღებული დოკუმენტური კადრები გვაჩვენეს. ეს კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა და ალბათ არც ამ სტრიქონების მკითხველი იქნება გამონაკლისი. იქ, მოვარაყებულ უშველებელ ალბომში ფოტოებს ვათვალიერებდი და აი, ამ ფოტოს ქვეშ წავიკითხე: ,,მოკავშირე ამერიკელი, დისტროფიით დაავადებული ტყვის საწოლთან. ტყვე ნომერი 30211“… ეს ხომ მამაჩემის მკლავზე ამომწვარი ნომრის კვალია, ბევრჯერ მინახავს და ზეპირად დავიმახსოვრე… ან რა დამავიწყებდა?.. აღარ აღვწერ იმ ემოციებს, რაც მაშინ ამ ფოტოს ნახვისას განვიცადე. გუშინ რატომღაც მამაჩემი და „ბუჰენვალდი“ გამახსენდა, გუგლში ავკრიფე PLEENIE BUHENVALDA და უამრავ ფოტოს შორის აი, ეს ფოტო ვიცანი…
მამაჩემი ცოცხალი აღარ არის. ისე წავიდა იმ ქვეყნად, ომის ვეტერანის საბუთი არ აღირსე, შენ ტყვედ ხარ ნამყოფი და არ გეკუთვნისო! არადა „ბუჰენვალდში“ ანტიფაშისტური იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი იყო, ბევრი ტყვე გადაარჩინა სიკვდილს ამ ორგანიზაციამ, რომლის ხელმძღვანელი გერმანელი ანტიფაშისტი იყო. არ დამავიწყდება მამაჩემის ცრემლები, როცა სამხედრო კომისარიატიდან დაბრუნდა და პატარა ბავშვივით, ცრემლიანი, სასოწარკვეთილი თვალებით შემომჩივლა, ომის ვეტერანის საბუთი არ მომცესო… ასეთი იყო ისტორია „ბუჰენვალდის“ ქართველი ტყვის, ნომრით, 30211“, – წერს თამაზ ჭეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები